ხრიკი,რომელსაც თავდებობის შემთხვევაში იყენებს საბანკო დაწესებულება

ხრიკი,რომელსაც თავდებობის შემთხვევაში იყენებს საბანკო დაწესებულება

ჩვენ ირგვლივ უამრავი ადამიანი მის ნათესავს, მეგობარს, ახლობელს ან უბრალოდ მეზობელს უარს არ ეუბნება თავდებობაზე,რადგან ჰგონია ,რომ ეს მისთვის არანაირ რისკს არ შეიცავს. თუმცა,როცა მისი ნაცნობი (ძირითადი მოვალე) თანხას ვერ იხდის,მას(თავდებს) უწევს იმ მძიმე ტვირთის საკუთარ თავზე აღება,რასაც ასობით ან ათასობით ლარის გასტუმრება ჰქვია. სანამ თავდებობასთან დაკავშირებით ხელშეკრულებაზე ხელს მოაწერთ გაითვალისწინეთ ,რომ არსებობს 2 ტიპის თავდებობა: თავდებობა და სოლიდარული თავდებობა. პირველ შემთხვევაში, თავდებს პასუხისმგებლობა დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ ძირითადი მოვალე იქნება გადახდისუუნარო, სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანსკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ხოლო სოლიდარული თავდებობის დროს, ძირითადი მოვალის მიერ სესხის ვადაგადაცილების შემთხვევაში შესაძლოა კრედიტოფიცერმა პირდაპირ თავდებ პირს მოსთხოვოს სესხის დაფარვა. კანონი მას ანიჭებს უფლებამოსილებას, თავად გააკეთოს არჩევანი ვის დააკისროს სესხის გადახდის პასუხისმგებლობა. ამ ხერხს ხშირად იყენებენ საბანკო დაწესებულებები და ხელშეკრულებაში სოლიდარულ თავდებად მოიხსენიებენ თავდებობის მსურველ პირს. ამიტომ მნიშვნელოვანია, სანამ ხელს მოაწერთ ხელშეკრულებაზე, მანამდე კარგად დააკვირდეთ სახელშეკრულებო პირობებსა და ვალდებულებებს. ზუსტად განსაზღვრეთ, ხელშეკრულებაში თავდებად ხართ მითითებული თუ სოლიდარულ თავდებ პირად… ეს სამომავლოდ მოულოდნელ პრობლემებს აგარიდებთ თავიდან.

რა უნდა ვიცოდეთ ალიმენტის დაკისრების შესახებ?

დაშორდით მეუღლეს და გსურთ ყოფილ მეუღლეს ალიმენტი დააკისროთ? გაითვალისწინეთ, რომ ალიმენტის ოდენობა განსაზღვრული არაა და მოსამართლე ადგენს მხარეთა ეკონომიკური მდგომარეობისა და მოთხოვნის შესაბამისად. თუ თქვენს ყოფილ მეუღლეს სამსახური და სტაბილური შემოსავალი აქვს,მაშინ ალიმენტის ოდენობა მისი ხელფასის დაახლოებით 30-40% იქნება. თუ თქვენს ყოფილ მეუღლეს არ აქვს სამსახური და სტაბილური შემოსავალი – ეს არაფერს ცვლის. ალიმენტის დაკისრების ვალდებულება მაინც წარმოიშვება. თუ თქვენს მეუღლეს ამჯერად არ აქვს შემოსავალი,თუმცა ალიმენტის დაკისრების შემდეგ გაუჩნდა შემოსავლის წყარო – ეს ალიმენტის ოდენობის გაზრდის საფუძველი შეიძლება გახდეს.თქვენ შესაძლებლობა გექნებათ სასამართლოს მიმართოთ ალიმენტის ოდენობის გაზრდის თაობაზე.სასამართლომ არსებულ გარემოებათა გათვალისწინებით შესაძლოა თქვენთვის სასურველი გადაწყვეტილება მიიღოს. თუ პრობლემები გაქვთ ალიმენტის დაკისრებასთან დაკავშირებით, მაშინ ნუ დააყოვნებთ, დაგვიკავშირდით.