თვე: მაისი 2020

ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია

ინფორმაციის თავისუფლება – ინფორმაცია, რომლის გასაიდუმლოება დაუშვებელია

ყველას აქვს უფლება იცოდეს:
ა) ინფორმაცია გარემოს შესახებ, აგრეთვე მონაცემები იმ საშიშროების თაობაზე, რომელიც ემუქრება მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;
ბ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები და მიმართულებები;
გ) საჯარო დაწესებულების სტრუქტურის აღწერა, მოსამსახურეთა ფუნქციების განსაზღვრისა და განაწილების, აგრეთვე გადაწყვეტილებათა მიღების წესი;
დ) საჯარო დაწესებულების იმ სახელმწიფო და საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი, რომელთაც უკავიათ თანამდებობა ან ევალებათ საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ან საზოგადოებასთან ურთიერთობა და მოქალაქეთათვის ინფორმაციის მიწოდება;
ე) კოლეგიურ საჯარო დაწესებულებაში გადაწყვეტილების მისაღებად გამართული ღია კენჭისყრის შედეგები; ვ) არჩევით თანამდებობაზე პირის არჩევასთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია;
ზ) საჯარო დაწესებულების საქმიანობის შესახებ აუდიტორული დასკვნებისა და რევიზიების შედეგები, აგრეთვე სასამართლოს მასალები იმ საქმეებზე, რომელშიც საჯარო დაწესებულება მხარეს წარმოადგენს;
თ) საჯარო დაწესებულების გამგებლობაში არსებული საჯარო მონაცემთა ბაზის სახელწოდება და ადგილსამყოფელი, აგრეთვე საჯარო მონაცემთა ბაზისათვის პასუხისმგებელი პირის ვინაობა და სამსახურებრივი მისამართი;
ი) საჯარო დაწესებულების მიერ მონაცემთა შეგროვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების მიზნები, გამოყენების სფეროები და სამართლებრივი საფუძველი;
კ) საჯარო მონაცემთა ბაზაში მისი პერსონალური მონაცემების არსებობა ან არარსებობა, აგრეთვე მათი გაცნობის წესი, მათ შორის, იმ პროცედურისა, რომლითაც მოხდება პირის იდენტიფიკაცია, თუ პირმა (მისმა წარმომადგენელმა) შეიტანა მოთხოვნა თავის შესახებ მონაცემების გაცნობის ან მათში ცვლილების თაობაზე;
ლ) იმ პირთა კატეგორია, რომელთაც კანონით უფლება აქვთ გაეცნონ საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს;
მ) საჯარო მონაცემთა ბაზაში არსებულ მონაცემთა შემადგენლობა, წყაროები და იმ პირთა კატეგორია, რომელთა შესახებ გროვდება, მუშავდება და ინახება ინფორმაცია;
ნ) ყველა სხვა ინფორმაცია, რომელიც კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით არ არის მიჩნეული სახელმწიფო, კომერციულ ან პროფესიულ საიდუმლოებად ან არ წარმოადგენს პერსონალურ მონაცემებს.

პერსონალური მონაცემების საიდუმლოება

ინფორმაციის თავისუფლება – პერსონალური მონაცემების საიდუმლოება

საჯარო დაწესებულება ვალდებულია არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა.

გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა. ზიანის ანაზღაურება

1. პირს აქვს უფლება, საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება:
ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, კოლეგიური საჯარო დაწესებულების სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვისას, საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისას;

ბ) არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისას და დამუშავებისას;
გ) საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას.


2. მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს.

 

სასამართლოს მიერ გასაიდუმლოებული ინფორმაციის გამოთხოვა

სასამართლოს უფლება აქვს გამოითხოვოს და განიხილოს გასაიდუმლოებული საჯარო ინფორმაცია მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლის მიზნით. სასამართლოს მხარის შუამდგომლობით უფლება აქვს ეს განხილვა აწარმოოს დახურულ სხდომაზე.