თვე: მარტი 2024

გოგონამ გარდაცვლილ შეყვარებულზე იქორწინა

Megali Taskiewicz და Jonathan George 2008 წლის ნოემბერში აპირებდნენ დაქორწინებას, მაგრამ ქორწილამდე 2 დღით ადრე ჯონათანი გარდაიცვალა (მოტოციკლით ავარიაში მოყვა). გოგონამ საფრანგეთის სამოქალაქო კოდექსის ერთ-ერთი მუხლი გამოიყენა, რომელიც უშვებს სიკვდილის შემდგომ ქორწინებას თუკი ქორწინებასთან დაკავშირებული ყველა ფორმალობა დამთავრებულია პარტნიორის გარდაცვალებამდე და ქორწილის დროც დათქმულია. გოგონამ ოფიციალურად დაამტკიცა, რომ ის და მისი შეყვარებული 2004 წლიდან ერთად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საერთო საბანკო ანგარიში, ასევე დამამტკიცებელ საბუთად წარადგინა ფოტო, რომელშიც თავისი საქორწინო კაბა ეცვა, სწორედ ის, რომელიც უნდა ჩაეცვა ქორწილში. საფრანგეთის კანონმდებლობამ მას ქორწინების ნება მისცა.

ნაპოვნ ნივთზე საკუთრების გადასვლა

თუკი შემთხვევით იპოვეთ რაიმე, ღირებული ან თუნდაც უბრალო ნივთი, ძალიანაც ნუ აღფრთოვანდებით და გაგიხარდებთ, რომ იგი პოვნის მომენტიდან თქვენი საკუთრებაა. საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობის მიხედვით, დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყონებლივ უნდა აცნობოს ნივთის დამკარგავს ან თუ მისი ვინაობა უცნობია, პოლიციას ან ადგილობრივ ორგანოს და გადასცეს ეს ნივთი. ნაპოვარი თქვენი საკუთრება გახდება 1 წლის შემდეგ, თუკი მას არ გამოუჩნდება მესაკუთრე. იმ შემთხვევაში, თუკი ნივთის მესაკუთრე 1 წლის განმავლობაში მოიკითხავს ნაპოვარ ნივთს, თქვენ შეგიძლიათ (მპოვნელმა) მოითხოვოთ ჯილდო ნივთის ღირებულების 5%–მდე. ძალიან გაგიმართლებთ მაშინ, თუკი შემთხვევით განძს გადააწყდებით, განსაკუთრებით მაშინ გაგიმართლებთ თუკი განძს თქვენსავე ნივთში იპოვით.(საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, განძს წარმოადგენს საგანი, რომელიც იმდენად დიდხანს იყო დაფლული, რომ შეუძლებელია მისი მესაკუთრის დადგენა.) ასეთ შემთხვევაში საკუთრება სანახევროდ გადადის აღმომჩენზე და იმ მესაკუთრეზე, რომლის ნივთშიც იქნა განძი ნაპოვნი.